დონალდ ტრამპი, საქართველოს რუსეთისგან დამცველი, – ამ სათაურით სტატიას ფრანგული გამოცემა Le Monde აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია 700-გვერდიან საკანონმდებლო აქტზე, რომელსაც დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი და, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.
“ვაშინგტონში მიღებულ ბიუჯეტის 700-გვერდიან დოკუმენტში ნახსენებია ამერიკიდან ასე შორს მყოფი საქართველოც. ეს ტექსტი შესაძლოა, მოსკოვმა შეაფასოს ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთ არაორდინალურ ნაბიჯად, რომლითაც ამ ბოლო დროს ტრამპი ასე აოცებს კრემლს. ტექსტში, რომელიც დეტალურ რეკომენდაციებს აძლევს ამერიკის ფედერალურ უწყებებს, ნახსენებია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია”, – წერს სტატიის ავტორი.
Le Monde-ში გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ყველა იმ პროგრამის, სახელმწიფოს დაფინანსება და მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ.
“აკრძალვა ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც, რუსეთის გავლენით, უკვე აღიარეს საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა – ვენესუელას და კიდევ რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს. დოკუმენტი დახმარებას ითვალისწინებს ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებმაც საქართველოს მსგავსად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტს, რომელიც ამერიკის კონგრესმა და წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცეს, დონალდ ტრამპმა 6 მაისს მოაწერა ხელი. და ეს ხდება იმ პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც, თითქოს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კრემლთან ყირიმის შესაძლო აღიარების საკითხის განსახილველადაც კი მზად იყო”, – აღნიშნულია სტატიაში.
www.pia.ge