ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ძვირფასი კოლეგის, ბატონი პრემიერ-მინისტრის მასპინძლობა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება! ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებობს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები. ივნისში ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დაუშვებელია იმის უგულებელყოფა, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დიდი წარმატება”, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.