ჩვენი [ეროვნული ბანკის] მმართველობითი სტრუქტურა სტაბილურია და კითხვის ნიშნებს არ იწვევს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, სავალუტო მისიას აღუთქვეს, რომ გაგრძელდება მუშაობა უფრო მეტი ინკლუზიურობის, რეფორმების გაგრძელების მიმართულებით.
„როდესაც 2 წლის წინ პროგრამა შეჩერდა, ეს იყო ერთ-ერთი ღია და შეუთანხმებელი საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა. ძალიან სასიხარულოა, რომ 2 წლის თავზე სავალუტო მისიამ აღიარა, რომ ამ კუთხითაც სასიკეთო და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას ხედავს. ასეთ პოზიტიურ ნაბიჯებად მიიჩნია: 1. ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო ახლა სრულად არის შევსებული, გახსოვთ რომ იყო შეფერხება, მაგრამ ჩვენ გადავლახეთ ეს გამოწვევა, ქმედუნარიანობა საბჭოს არ დაუკარგავს და ახლა არის სრულად შევსებული. 2. მოვალეობის შემსრულებლის ამპლუიდან გადავედი უკვე მუდმივი პრეზიდენტის ამპლუაში, ანუ დამტკიცდა პრეზიდენტი და ეს ნიშნავს იმას, რომ სტაბილური არის ჩვენი მმართველობითი სტრუქტურა, კითხვის ნიშნებს და გაურკვევლობას არ იწვევს. ამ კუთხით ჩვენ აღვუთქვით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მეტი ინკლუზიურობის, რეფორმების გაგრძელების მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.
კითხვაზე – რა ფორმით გაგრძელდება თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან – სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე მხარე მონდომებულია, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„მთავარი არის, რომ ორივე მხრიდან გამოითქვა ძალიან მყარი სურვილი, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა. ამის ბევრი სხვადასხვაა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ მონდომებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გაძლიერდეს, გაგრძელდეს ისევე როგორც ეს ამ წლების განმავლობაში ხდებოდა და საპასუხო ძალიან დადებითი სურვილი და მზადყოფნაც დავინახეთ“, – აღნიშნა თურნავამ.