თბილისის საქალაქო სასამართლომ მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ადვოკატმა სასამართლოს 20-ათასლარიანი გირაო შესთავაზა დამატებითი ვალდებულებებით.
რაც შეეხება თავად ბრალდებულს მან სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დაზარალებულად ცნობს, ვინაიდან დაზიანებები მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა და მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, თავს დაესხა ერთ-ერთ მანდატურს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა.