პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს, ფარცხალაძე-თორდიას საქმე სათანადოდ გამოიძიონ და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს.
“პარლამენტისთვის ეს საქმე განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება და ამ საქმეს ყურადღებას მივაქცევთ. სამართალდამცავ სტრუქტურებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ სათანადოდ გამოიძიონ ეს საქმე და ყველა დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გარკვეული დანაშაულის გამოძიების გარდა, კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, ამას ალტერნატივა ვერ ექნება. გამოძიების მიმდინარეობას უნდა შევხედოთ და თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებში საჭიროა საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ჯერ, საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას უნდა დაველოდოთ. თუ დავინახავთ, რომ გამოძიება სათანადო ტემპით არ წარიმართება, ის რეაგირება გვექნება, რაც ჩვენს ფარგლებში შედის”, – განაცხადა კობახიძემ.