შარშან, რთველი ჩატარდა წარმატებულად, ჩაბარდა 325,000 ტონა ყურძენი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია; 2023 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 25,000 ტონით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გაიხსენა ის მონაცემები, რომლებიც ქვეყანას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში 2012 წელს ჰქონდა და ხაზი გაუსვა იმ პროგრამების მნიშვნელობას, რომელსაც მთავრობა დარგის მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.
„2012 წელს სულ ჩაბარდა 52,000 ტონა ყურძენი, შარშან კი ეს მაჩვენებელი გაიზარდა 325 000-მდე, ანუ მეღვინეობა – მევენახეობის სფეროში გვაქვს უპრეცედენტო ზრდა გასული 12 წლის განმავლობაში.
ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 276 მლნ დოლარი, რაც ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა 2023 წელთან შედარებით, მაშინდელი მაჩვენებელი იყო 259 მლნ დოლარი. აქაც გავიხსენებ 2012 წლის მაჩვენებელს, როდესაც ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 65 მლნ დოლარი, შარშან ეს იყო 276 მლნ დოლარი, აქაც ხედავთ, რომ გვაქვს ძალიან მასშტაბური ზრდა.
მთლიანობაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან 2024 წელს ქვეყანამ მიიღო565 მლნ დოლარი, რაც არის 23 %-იანი მატება გასულ წელთან შედარებით.
მევენახეების შემოსავალმა შეადგინა 485 მლნ ლარი. აქაც გვაქვს უპრეცედენტო მატება 2023 წელთან შედარებითაც კი, როცა ეს მაჩვენებელი იყო 350 მლნ ლარი. რაც შეეხება 2012 წლის მაჩვენებელს, მაშინ მევენახეების შემოსავალი იყო 70 მლნ ლარი. 70 მლნ ლარიდან გაიზარდა 485 მლნ ლარამდე 2024 წელს. ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, მომავალშიც გაგრძელდება როგორც ამ დარგის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში სხვა დარგების მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერმა.