ირაკლი კობახიძე თორდია-ფირცხალავას საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული თემა პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება.
”გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებული საქმე არის უაღრესად აქტუალური საკითხი, განსაკუთრებით პარლამენტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი თანამდებობა პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან. მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი. საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ჩვენ ჯერ უნდა შევხედოთ გამოძიების მიმდინარეობას, თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებშიც არის საჭირო საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. უნდა დაველოდოთ საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას. როდესაც საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის სავარაუდო ცემის ფაქტს, რაზეც არის საუბარი, ეს არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, რომ სასწრაფოდ იყოს გამოძიებული“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.