ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ასე ვთქვათ, მჭიდში ბოლო ტყვია არის დარჩენილი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას.
„ჩვენი გათვლა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ვიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს და ვიცავთ მშვიდობას ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას და არ უნდა იყოს დაფუძნებული აღქმებსა და შანტაჟებზე.
ჩვენ თავს არავის ვესხმით, ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში, ვართ თავმოყვარე ერი და ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაცია რაც ჩვენი მისამართით მოდის, ვალდებული ვართ, პასუხი გავცეთ და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა აღქმებზე, არამედ არგუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენი ეს მიდგომა ვერ შეიცვლება, შესაბამისად გადაკვეთის წერტილი არის ერთი – სამართლიან თამაშის წესებზე ჩამოვყალიბდეთ და არაფერი იყოს უსაფუძვლო. თუ რამე ტიპის პრეტენზია იქნება, ეფუძნებოდეს არგუმენტებს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.