ტურიზმის თვალსაზრისით ქვეყანაში საკმაოდ კარგი ვითარებაა, ბევრი უცხოელი სტუმარია ჩამოსული, – ასე აფასებს ტურიზმის მიმდინარე სტატისტიკას მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი.
მისი თქმით, აჭარის მაგალითზე მოთხოვნა უფრო მაღალია ვიდრე სანომრე ფონდი.
„განსაკუთრებით ზღვისპირეთში სანომრე ფონდი მაღალ სეზონზე სეართაშორისო ბრენდის სასტუმროებში არ ჰყოფნის არსებულ მოთხოვნას. რაც შეეხება თბილისს, აქაც ტურისტული ვიზიტით დასვენების და გართობის მსურველები ჩამოდიან, ფესტივალებს და სხვა გასართობ ღონისძიებებს მიზნობრივი სტუმარი მოჰყვება. ზაფხული მოგეხსენებათ არდადეგების დროა და უმეტესი ადამიანი დასვენების და გაჯანსაღების მიზნით ჩამოდის, შავიზღვისპირეთში მოჭარბებაა ამ თვალსაზრისით ვიზიტორების. რაც შეეხება თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მდგომარეობა, ცხადია, რომ უნდა იყოს სტაბილური სიტუაცია, რომ ადამიანებს ჰქონდეს ჩვენს რეგიონში ვიზიტის სურვილი და გარდა ამისა უნდა ვიზრუნოთ კადრების დონის გაუმჯობესებაზე“, – აცხადებს მაია წერეთელი.
მისივე თქმით, გაზრდილმა პირდაპირმა ფრენებმა აჭარაში ზაფხულის დასვენების მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
საშუალო ფასი საკმაოდ მაღალია, „როდესაც მოთხოვნაა ცხადია მოთხოვნას ფასების ზრდა მოყვება ხოლმე თბილისში ევროპელი სტუმრების რაოდენობაც გაზრდილია. ქუთაისის ფრენებმა ბათუმზე და ასევე ბათუმში პირდაპირმა ფრენებმა მოგვცა ევროპის რეგიონიდან მეტი სტუმარი. თუმცა უმეტესი სტუმარი ჯერ კიდევ აზიიდან დ სპარსეთის ყურიდან ჩამოდის“, – განმარტავს წერეთელი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას – თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.
2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.