საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს აბდულა მეორეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისუბრეს საქართველო-იორდანიის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება. ასევე იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, იორდანიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთი საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი. ხაზი გაესვა, ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობას, რათა საერთო საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
საქართველოს პრემიერმინისტრმა იორდანიის მეფეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
გამოითქვა იმედი, რომ ის მნიშვნელოვანი ბაზა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში უკვე არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობით ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით, რაც სასარგებლო იქნება როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე – რეგიონული მასშტაბით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის მეფეს შეხვდა
2017/05/20 16:24:40
კომენტარები
ნანახია: 1109 ჯერ