პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, ქედაში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილის თქმით, მამუკა თურმანიძეს ექნება მისი უპირობო მხარდაჭერა და ერთობლივი ძალისხმევით ქედაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
„მამუკა თურმანიძე დაიბადა და გაიზარდა აჭარაში, ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ის იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საუკეთესო მერი ქედელებისთვის. ჩემი მხარდაჭერით, გპირდებით, რომ ქედაში აუცილებლად ბევრი კარგი საქმე გაკეთდება“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მამუკა თურმანიძე წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა საჯარო სექტორში. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2024 წლიდან არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სულხან თამაზაშვილმა მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და პარტია ,,ქართული ოცნების“ ქედის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ამირან ცინცაძესთან ერთად წარუდგინა.