შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია ის დაადასტუროს მართალია თუ არა და სინამდვილეში რა მოხდა, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მონაწილეობით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს და ამავე თემაზე თორდიას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
”მე ვიდეო არ მინახავს, შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ. შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია ის დაადასტუროს მართალია თუ არა და სინამდვილეში რა მოხდა. მე არ ვიცი რა ხდებოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმვალობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები რა განცხადებებსაც აკეთებენ, მეჩვენება, რომ გასცდა მათ თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს და გადავიდა რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, რაც არ შეშვენის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ინსტიტუტს. ყოველთვის პატივს ვცემდი, მაშინაც კი, როდესაც ისინი, განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების წინ, აბსოლუტურად გასული იყვნენ კანონის ფარგლებს მიღმა. თუმცა ძალიან ცუდია, როცა ისინი პოლიტიკურ თამაშებს იწყებენ. ეს ინსტიტუტი უნდა დაუბრუნდეს თავის უაღრესად მნიშვნელივან სახელმწიფოებრივ საქმეს, რისთვისაც არის შექმნილი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს სავარაუდოდ იარაღით ემუქრება.