„ხელვაჩაურის დღეების“ კვირეულის ფარგლებში გონიოს ციხეში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მიულოცა, – ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
„ჩვენმა ისტორიამ და ტრადიციებმა ჩამოგვაყალიბა ძლიერ და ღირსეულ ერად. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ეს ღირებულებები მომავალ თაობებს გადავცეთ. სახალხო და ტრადიციული დღესასწაულები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ადგილობრივ მოსახლეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებიც გააცნო.
„არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სექტემბრის ბოლოს დასრულდება ორთაბათუმის სოციალური სახლის მშენებლობა 90 ეკომიგრანტი ოჯახისთვის. ასევე, სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ერგეში და სოფელ სალიბაურში. 2026-2028 წლებში კი, უკვე 200-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელს.
ხელვაჩაურში განვაგრძობთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას. აქტიურად მიმდინარეობს არსებული სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა. დასკვნით ეტაპზეა ზემო წინსვლის სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე დასრულდება მახინჯაურის სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა და ერგეს სკოლის სრული რეაბილიტაცია.
ჩვენი მიზანია მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალური ზრუნვა, რეგიონის განვითარება და უკეთესი მომავლის შექმნა“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
ღონისძიების ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოეწყო მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა. დაჯილდოვდნენ საპატიო ხელვაჩაურელები.
საღამო ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, ასევე, ჯგუფი „ურსას“ კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.