ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველო-სლოვაკეთის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.
„სავიზო რეჟიმის გაუქმების გზით, ევროკავშირი ფართოდ უღებს კარს საქართველოს მოქალაქეებს. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო მალე დაიკავებს ადგილს ევროპული სახელმწიფოების ოჯახში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის რესპუბლიკას ამ გზაზე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის – საბჭოში მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სლოვაკეთმა მიიღო პროაქტიული ზომები საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად.
მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უბრალოდ უვიზოდ მგზავრობის ფუფუნება არაა, ესაა უზარმაზარი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს დასავლური სულისკვეთების მიმართ და მის სურვილს, მიიღოს საქართველო ევროპულ ოჯახში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები.
„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ რობერტ ფიცოსთან საინტერესო შეხვედრის დროს, განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ყველა განზომილება და მოწოდებულები ვართ, წავახალისოთ კერძო და სახელმწიფო სექტორები, რათა მათ შეძლონ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, სლოვაკეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.