ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე დღეა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამაშველო ბრიგადები. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, კაბალის ხევის კალაპოტის შეცვლის შემდეგ, სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის დინება შეწყდა.
უხვი ნალექის შედეგად ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარე გუშინ ადიდდა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა.
„საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს. თითქმის ყველა მდინარე იყო ადიდებული. სხვადასხვა სოფელში დაზიანდა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, არის ინფრასტრუქტურული ზარალიც. აქტიურად მუშაობენ მერიის სამსახურები. სამუშაოების დასრულების შემდეგ გვექნება სრული სურათი“, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.