საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ:
„საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც გიწევთ მუშაობა. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს პოლიციელის პირადი თავგანწირვის. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან.
რომ არა უსაფრთხოება ქვეყანაში და სამაგალითო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, შედეგი მიუღწეველი იქნებოდა. წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ჩვენი მიზანია, გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო და შესაბამისად, პოლიცია. ჩვენ ცივილიზებულ ქვეყანას ვაშენებთ და მიგვაჩნია, რომ წესრიგი მიიღწევა დანაშაულის აღკვეთითა და დამნაშავის დასჯით ისე, რომ კანონი იყოს ზედმიწევნით დაცული. ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ნდობა, პოლიცია და საზოგადოება მოკავშირეებად და პარტნიორებად იქცნენ.
დანაშაულზე რეაგირებასა და მის გამოძიების პარალელურად, დიდი აქცენტი გაკეთდება დანაშაულის პრევენციაზე, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და აღკვეთაზე და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური ცენტრი. ასეთი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და ეს არის დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა. მე მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და არანაირი წოდება და პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პროფესიონალიზმით და ხალხის ერთგული სამსახურით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე ქართული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.