კასპის მუნიციპალიტეტში, მერიის მხარდაჭერით „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი მეექვსედ გაიმართა.
ფესტივალი ჩატარდა სოფელ მეფისქალაქის გალავანში, მანამდე კი მონაწილეებმა სოფელ ერთაწმინდაში წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარში იგალობეს.
ფესტივალი კასპში 2018 წელს დაფუძნდა. მიზანი ხალხური სიმღერების და საგალობლების პოპულარიზაციაა. ამჯერად ფესტივალში მონაწილეობდნენ 14 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი: სულ 200-მდე მონაწილე. ფესტივალში მონაწილე ანსამბლებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება გაგრძელდა სოფელ გარიყულაში, სასტუმრო „შატო მეფისქალაქში“, სადაც პირველად ჩატარდა სახალხო დღესასწაული „მეფისქალაქობა“, რომლის მხარდამჭერი ასევე კასპის მუნიციპალიტეტის მერია იყო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „მეფისქალაქის ისტორიული წარსულიდან“ – პროექტის ავტორი კი ვანო ჯახუაა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ყველას ულოცავს „მეფისქალაქობა“-ს და მიესალმება კიდევ ერთი სახალხო დღესასწაულის დაფუძნებას.