13 წელი მართლაც დიდი დროა, თუმცა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა და ჩვენი გუნდის მოქმედების მთავარი საფუძველიც სწორედ ეს ღირებულებებია. ამის საუკეთესო შემფასებელი კი კვლავ ბრძენი ქართველი ხალხია, რომელიც დღესაც ისევე გვაძლევს უფლებას მათ წარმოვადგენდეთ, როგორც 2012 წელს და რომელსაც ვერც სიცრუით, ვერც პროპაგანდით, ვერც დაპირებებით, ვერავინ გააცურებს, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში.
ბიძინა ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებას ქართველ ხალხთან ერთად ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური სიმტკიცის მიღწევაში მთავარ ბარიერად ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციური ძალები ევლინებიან, რის მიუხედავადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელშესახებ შედეგს მიაღწია.
„ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ.
მიუხედავად მათი მცდელობებისა, ჩვენ მართლაც ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდასა და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს, ამავდროულად კი, არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული, – ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კვლევები და რაც მთავარია, ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს!“- აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის წერილში.