4 ოქტომბერს თუ მოხდება ძალადობის ერთი ფაქტი, ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ. არავის და მით შორის ბრიუსელის რომელიმე ბიუროკრატს საქართველოს 90-იან წლებში არ დავაბრუნებინებთ, – განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„დღეს უკვე ყველაფერი ცხადია. საჯაროდ არის გაცხადებული, რომ იგეგმება ძალადობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან და ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ძალადობას. ეს არის გამაოგნებელი სკანდალი, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა საჯაროდ გაიზიარა პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული ძალადობის მიმართ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს შინ და გარეთ, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს – 4 ოქტომბერს ნებისმიერი ძალადობა რაც მოხდება „ნაცმოძრაობის“, აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი სპიკერის სახით და შესაბამისად, ევროკავშირის საელჩოსაც, რომელსაც ამასთან დაკავშირებით რაიმე გამიჯვნა არ გაუკეთებია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.