გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში, შპს „იწის მარანში“ იმყოფებოდა, სადაც რთველისათვის მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ღვინის საწარმო, 2019 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით შეიქმნა. „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ თანადაფინანსება 600,000 ლარია. კომპანია, ასევე სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით „ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა“ და პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმო, რომელიც წლიურად 12 სახეობის 30,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, ღვინოს სამარკო ნიშნით „ბიმბილი“ ყიდის.
„რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია, მოსავლის დაბინავება მომავალი კვირიდან დაიწყება ქვეყნის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მეღვინეობის რეგიონში – რაჭაში. წელს რაჭაში 1500-2000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. რთველი რაჭაში, ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდება, ამისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია ჩვენი რესურსები, ყველა მევენახე შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. წელს რეგიონს კიდევ ერთი ადგილწარმოშობის ღვინო “რაჭა” დაემატა, ეს ხაზს უსვამს ამ მხარის უნიკალურობას და მის წვლილს ქვეყნის მეღვინეობის დარგში, რომლის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ღვინის წარმოების განვითარების მიზნობრიობით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გაცემული სესხის ოდენობა 17 მლნ ლარს აღემატება, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 5 მლნ ლარზე მეტია.
ღვინის საწარმოში მინისტრთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.