ძალიან კარგია, რომ ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,ძალიან კარგია, რომ ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ყურადღების გამახვილება იმ სიძნელეებზე, რასაც იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში აწყდებიან. მათ მოუწიათ საცხოვრებლის დატოვება. აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ამ რეზოლუციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იმისთვის, რომ დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდეთ თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ “, – განაცხადა იან კელიმ.
კითხვაზე – რუსეთი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუცია ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის დისკუსიების ფორმატს, იან კელის თქმით, ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ ამ ფორმატს მხარს უჭერს, რადგან ის არის დისკუსიების ძირითადი ადგილი, სადაც ხვდებიან მხარეები და კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მსჯელობენ.
,,ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ვერ იქნება ამ ფორმატის ხელშემშლელი. შესაბამისად, ასეთი მტკიცება, რომ ეს რეზოლუცია რამენაირად ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, არასწორია და მე არ ვეთანხმები”, – განაცხადა კელიმ.
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუცია 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.