აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი ნიუ-იორკის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი შეიწყალა.
სანტოსს ბრალად საბანკო თაღლითობა და იდენტობის მოპარვა ედებოდა, რისთვისაც მას შვიდი წელი მიუსაჯეს. სანტოსს სასჯელის ჯამური ვადიდან სამ თვეზე ნაკლები ჰქონდა მოხდილი.
“ჯორჯ სანტოსი თაღლითი იყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ბევრი თაღლითია, რომლებიც შვიდწლიან სასჯელს არ იხდიან” – დაწერა ტრამპმა პოსტში და, ამასთანავე, დაამატა, რომ ხელი მოაწერა “განკარგულებას, რომლითაც სანტოსი ციხიდან დაუყოვნებლივ გამოვა.”
მანამდე, 2023 წელს ჯორჯ სანტოსი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან გააძევეს.
სანტოსის წინააღმდეგ წარდგენილი მოხსენების მიხედვით, მას პოლიტიკური კამპანიისას მიღებული შემოწირულებების საკუთარი მიზნებისთვის დახარჯვაში ადანაშაულებდნენ.
“არ გავჩუმდები. აქ ნიუ-იორკის მესამე რაიონის მოსახლეობამ გამომგზავნა. თუ გინდათ, რომ აქედან გავიდე, მაშინ ამ ხალხის გაჩუმება მოგიწევთ”. – თქვა სანტოსმა პალატაში გამართული დებატების დროს.