დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატები „კამიკაძე პილოტები“ არიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Fox news-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, დემოკრატების გამო ე.წ. შათდაუნი, უკვე სამი კვირაა, გრძელდება.
ამასთან, ტრამპმა პირობა დადო, რომ დემოკრატების სოციალურ პროგრამებს სამუდამოდ გააუქმებს.
„დემოკრატები ახლა კამიკაძეები არიან. ისინი ახლა კამიკაძე პილოტები არიან. მათ არაფერი აქვთ გასაკეთებელი. მათ მომავალი არ აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა ინტერვიუში.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატებს მომავალი არჩევნებისთვის ძლიერი ლიდერები და სიცოცხლისუნარიანი კანდიდატები არ ჰყავთ.
„მათ ვერ გააცნობიერეს, რომ ეს მაძლევს უფლებას, შევამცირო პროგრამები, რომლებიც რესპუბლიკელებს არასდროს სურდათ. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ მათ სამუდამოდ ვწყვეტთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ე.წ. შათდაუნი აშშ-ში, სამი კვირაა, გრძელდება. აშშ-ის მთავრობამ მუშაობა პირველი ოქტომბრიდან შეაჩერა, რადგან ტრამპი და კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ ფედერალური უწყებების დაფინანსების გეგმაზე ახალი ფინანსური წლისთვის. საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა პროფკავშირებმა.