„კორუფცია უკრაინაში: გერმანული ფული უძირო ორმოში იძირება?“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Berliner Zeitung-ი.
BZ-ის თანახმად, ზელენსკის რეპუტაცია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც ეცემა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირში კიევის რეჟიმის კორუფციის შესახებ საუბარი სულ უფრო ხმამაღლა ისმის. „ამასობაში, გერმანიაში იმედგაცრუება იზრდება: მილიარდობით ევროს დახმარება, როგორც ჩანს, წყალში ჩაიყარა“, – წერს ავტორი.
„გერმანიის მოქალაქეები და გადასახადების გადამხდელები კითხვას სვამენ, შემთხვევით ხომ არ მიედინება უძირო ორმოში მათი ფული, რომელიც უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის იყო გამოყოფილი“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემის ცნობით, ანალოგიური განწყობები უკრაინის შესახებ ძლიერდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც – უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში. „უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინულ მედიაში მხოლოდ ერთი საკითხია მთავარი: კორუფცია. უკრაინელი ჟურნალისტები ჩივიან, რომ ქვეყნის ანტიკორუფციული ორგანოები ეფექტიანად ვერ მუშაობენ. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დახატული სურათი ქვეყნის შესახებ, რომელმაც კორუფცია დაამარცხა, იშლება“, – წერს ავტორი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე წლის ივლისში პირველად ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციების მიზეზი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის შეზღუდვა გახდა. ზელენსკის სურდა ორივე უწყება გენერალური პროკურორისთვის გადაეცა. შესაბამისი კანონი დაჩქარებული წესით მის დაქვემდებარებაში მყოფმა პარლამენტმა მიიღო.
Berliner Zeitung-ის ცნობით, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ზელენსკი დათმობაზე წავიდა, მაგრამ დღეს ნათელი ხდება, რომ პრობლემები მოგვარებული არ არის. ცნობილი საქმეების სასამართლო პროცესები 2016 წლიდან იწელება და განაჩენის გამოტანა ჯერ ვერ ხერხდება.
„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის სემიონ კრივონოსის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატის წინააღმდეგ წარმოებული თითოეული გამოძიების დროს მათ გენერალური პროკურორისგან თანხმობის მიღება სჭირდებათ. კრივონოსის თქმით, მისი უწყების თანამშრომლებს „სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე მუქარის პირობებში უწევთ მუშაობა, რაც საქმიანობას ძირს უთხრის“.
ქვეყნის ხელმძღვანელობასა და კორუფციასთან მებრძოლ ადამიანებს შორის კონფლიქტი გამწვავდა, რადგან გამომძიებლები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში კორუფციაში ზელენსკის ახლო გარემოცვის წარმომადგენლები არიან მხილებულნი. უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერის ალექსეი ჩერნიშოვის წინააღმდეგ მიწის ნაკვეთების გაყიდვის დროს ჩადენილი მანიპულაციების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
გარდა ამისა, გამომძიებლები ინტერესდებიან ზელენსკის ახლო მეგობრით, ტიმურ მინდიჩით, რომელიც ჩერნიშოვთან ერთად ზელენსკის გასართობი კომპანიის „კვარტალ 95“-ის ხელმძღვანელი იყო. Berliner Zeitung-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ჩრდილში მყოფმა მინდიჩმა დიდი გავლენა მოიპოვა ტრადიციულად კორუმპირებულ ენერგეტიკულ სფეროში.
გამოცემა სტატიის მკითხველს შეახსენებს, რომ უკრაინა ორგანიზაცია Transparency International-ის კორუფციის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 105-ე ადგილზეა.