2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყურძენს, გასული წლის მსგავსად, როდესაც ჯერ კიდევ მუშაობდა სუბსიდირების პროგრამა, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2025 წლის რთველის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სუბსიდიის დატოვება დიდად არ შეცვლიდა ამ სურათს, რადგან 20-თეთრიანი სუბსიდია არ არის იმის მოტივატორი, რომ უფრო მეტ ყურძენს ჩაიბარებდა კერძო სექტორი, განსხვავებით რაჭის რეგიონის 4-ლარიანი სუბსიდიისგან.
კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.
რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც მევენახისგან არანაკლებ რვა ლარად შეიძინა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული ერთი კგ ალექსანდროულის, ასევე, ერთი კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს ოთხ ლარს.
23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა.