პოლიტსაბჭოს სხდომას უნდა დაველოდოთ, სადაც გადაწყვეტილება მიიღება და ეს უახლოეს მომავალში მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიას კანდიდატის დასახელების თავისი პროცედურები აქვს, რომელიც მმართველ გუნდს არ გაუვლია.
“კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო იღებს. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა შედგება, გადაწყვეტილება მიიღება და შეგვეძლება, კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ იყო საუბარი და პოლიტსაბჭოს სხდომას უნდა დაველოდოთ, სადაც გადაწყვეტილება მიიღება და ეს უახლოეს მომავალში მოხდება”, – განაცხადა კობახიძემ.