ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული სითბოთი და სტუმართმოყვარეობით, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ ბათუმის ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ბათუმი არის ადგილი, სადაც დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურები ერთიანდება.
„თანამედროვეობა და ტრადიციები ხდის ჩვენს ქალაქს განსაკუთრებულ ადგილად, რომელიც იზიდავს ტურისტებს წელიწადის ნებისმიერ დროს. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ბათუმი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ძალიან მაღალი განაშენიანების ტემპია და მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩემი მერობის პერიოდში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი წამოეწიოს განაშენიანების გეგმას და აღარ ჩამორჩეს მას“, – აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, თუ რატომ არის ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი და რატომ უნდა ეწვიონ ვიზიტორები ამ ქალაქს.
გიორგი ცინცაძემ ისაუბრა ბათუმისთვის აღნიშნული ჯილდოს მნიშვნელობაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა და ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდებით ჩვენს ქალაქში და როდის ჩავიტანთ ამ ჯილდოს ჩვენს ბათუმელებთან, რომლებსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ეს ჯილდო არის თითოეული ბათუმელის დამსახურება, რომლებმაც თავიანთი ყოველდღიური შრომით, ქალაქის სიყვარულით შექმნეს წარმატების ისტორია. ჩვენ ამ ჯილდოს ძალიან მოვუფრთხილდებით და კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ტურისტულ პოტენციალს“, – დასძინა გიორგი ცინცაძემ.
