საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპრომისი არავის უთხოვია.
“რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს“, ეს არის არასწორი სიტყვა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია. ქართველ ხალხს სურს, აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ წლებში. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას“,- განაცხადა აბაშიშვილმა.
“მმართველი გუნდის შიგნით წინააღმდეგობა არსებობს, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევა კვლავ პირდაპირი წესით მოხდეს.
კომპრომისის საფუძველზე, შეგვეძლო დაგვეტოვებინა მომავალ წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპრომისმა აზრი დაკარგა. ეს იყო კონკრეტული დეპუტატების პოზიცია. ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა.
შეიძლება ვიფიქროთ ორ ალტერნატიულ გადაწყვეტაზე. საბოლოო ჯამში, პოზიცია პარლამენტის შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს“, -განაცხადა კობახიძემ.