ხევსურეთში გორშეღმის ხეობის სოფლები – წინხადუ, უკანხადუ და ზეისტეჩო ელექტროფიცირდა. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
ელექტრომომარაგების სამუშაოები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეასრულა.
ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ახლად მოწყობილი ელექტროგამანაწილებელი ქსელი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ ჩიტაურმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
„ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებაა. სოფლების ელექტრიფიცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური თვალსაზრისით. ელექტროენერგიის მიწოდება ქმნის ახალ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სოფლების განვითარებას, მოსახლეობის ადგილზე დამაგრებასა და დაბრუნებას.
ჩვენი მიზანია, მცხეთა-მთიანეთის ყველა სოფელს ჰქონდეს თანაბარი პირობები, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ვიცით, რომ აღნიშნული მიმართულებით გვაქვს გარკვეული გამოწვევები, თუმცა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად ტარდება სათანადო ღონისძიებები“, – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.
თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება.
„აღნიშნული სოფლების ელექტრიფიცირება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით მოხდა. აქ ელექტროენერგია მანამდე არასდროს ყოფილა. დუშეთის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 70% მაღალმთიანია. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მთას დავუბრუნოთ მთიელი. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გაძლიერება.“ – განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
