“ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ვარაუდებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
დოლიძემ აღნიშნული უარყო, თუმცა განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია „კიდეც ჰქონდა და მომავალშიც ექნება“.
“საქმე ისაა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და ამ პირობებში, ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია კომისიასთან და ბუნებრივია, ასეც გავაგრძელებთ. რა ფორმა ექნება ამას, დრო და საქმე გვიჩვენებს”, – განაცხადა დოლიძემ.