ვერანაირი საკონსტიტუციო ცვლილებით, პრეზიდენტს უფლებამოსილებას ვერც შეუმცირებ და ვერც გაუზრდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს რიგით XVIII ეროვნულ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები რეალურად შეიზღუდა 2010 წელს.
პრეზიდენტის სტატუსზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას რეალურად მართავს არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ირაკლი კობახიძის თქმით, იგივე ეხება უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსს და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
„სტატუსის სამივე ელემენტი რეალურად რჩება ძალაში, პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, უმაღლეს მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობაში, მთავარია, რომ ამ ჩანაწერების სწორი ინტერპრეტირება მოხდეს. რაც შეეხება კომპეტენციებს, ხშირად იყო საუბარი, რომ ჩვენ გვინდოდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა. პრეზიდენტის უფლებამოსილებები რეალურად შეიზღუდა 2010 წელს. შესაბამისად, ვერანაირი საკონსტიტუციო ცვლილებით, პრეზიდენტს უფლებამოსილებას ვერც შეუმცირებ და ვერც გაუზრდი. მხოლოდ ორი კომპეტენციის გადასინჯვაზეა საუბარი. ერთი ეხება უშიშროების საბჭოს და მეორე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, კობახიძის თქმით, მთავარია, სწორად იყოს არჩევის წესი ჩამოყალიბებულ სისტემაზე მორგებული.
„ზეპარტიული პრეზიდენტის პრინციპის უზრუნველსაყოფად პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.