ამ წუთებში “ქართული ოცნება” პარტიის მთავარ ოფისში სხდომას მართავს.
მმართველი პარტიის ლიდერები შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობენ. უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტია 4-ეტაპიან პროექტზე მუშაობს, რომელიც კანონპროექტის სახით უახლოეს პერიოდში დარეგისტრირდება.
“საკანონმდებლო ცვლილებებმა ნარკოპოლიტიკის ოთხივე სვეტი უნდა განავითაროს – პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის პრევენცია. სამუშო ვერსია უკვე არსებობს, ახლა დეტალებზე მიდის მუშაობა. ასევე საჭიროა ამ ინიციატივების არასამთავრობო სექტორთან შეთანხმება”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მთავრობამ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი დიდი ოდენობა იცვლება, შესაბამისად, კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად.
მარიხუანის შემთხვევაში, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა – 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად. კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობები.