კოლუმბიის მთავრობა აცხადებს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-თან თანამშრომლობას გააგრძელებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
კოლუმბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არმანდო ბენედეტიმ იუსტიციის მინისტრთან, ანდრეს იდარაგასთან ერთობლივ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კოლუმბია გააგრძელებს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-თან თანამშრომლობას ვაშინგტონის ტექნოლოგიების გამოყენებით.
ბენედეტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოლუმბია ნარკოლაბორატორიებს, კრიმინალურ ორგანიზაციებსა და მათ ბანაკებს ამოიღებს მიზანში.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ უბედურების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით კოლუმბია-ვენესუელის საზღვარზე“, – განაცხადა იდარაგამ.
ამასთან, კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, პეტრო სანჩესმა თავისი ამერიკელი კოლეგა პიტ ჰეგსეტი ქვეყანაში მიიწვია, რათა პირადად გაეცნოს ნარკოტიკებთან ბრძოლის მცდელობებს.
სანჩესმა აღნიშნა, რომ კოლუმბია ძალიან აფასებს აშშ-თან თანამშრომლობას, რამაც, მისი თქმით, ბრძოლა უფრო ეფექტური გახადა.

