აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის სახლზე ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინათში თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი საიდუმლო სამსახურმა მალევე დააკავა. დაკავებული 26 წლის უილიამ დეფურია. მას ბრალად სახელმწიფო ქონების დაზიანება, აკრძალულ ზონაში მდებარე ქონებაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და ფედერალურ ოფიცრებზე თავდასხმა ედება.
თავდასხმის მომენტში ჯეი დი ვენსი და მისი ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა. ისინი უქმეების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, ორშაბათს ღამე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს მამაკაცი, რომელიც ვენსის სახლის ღობისკენ გარბოდა. მას ხელში ჩაქუჩი ეკავა. ეჭვმიტანილმა საიდუმლო სამსახურის მანქანა დააზიანა, ხოლო შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის სახლის მინები ჩაამსხვრია.
ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელ X-ში მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისა და ეჭვმიტანილის დაკავებისთვის.

