აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს გარიგებაზე, რომელსაც გრენლანდიას შესთავაზებს. ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, თეთრმა სახლმა, შესაძლოა, შესთავაზოს დანიის შემადგენლობაში მყოფ გრენლანდიას ე.წ. ხელშეკრულება თავისუფალი ასოციაციის შესახებ (COFA). აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე აშშ-მა უკვე გააფართოვა საკუთარი გავლენა მიკრონეზიაზე, მარშალის კუნძულებსა და პალაუზე.
COFA უფლებას აძლევს ამერიკის შეიარაღებულ ძალებს თავისუფლად იმოქმედონ ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებში. გარდა ამისა, ის ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დანიასთან უკვე გაფორმებული ხელშეკრულებები აშშ-ს უფლებას აძლევს გრენლანდიაზე საკუთარი სამხედროები განათავსოს, თუმცა ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა დოკუმენტებში გაწერილი არ არის. ვაშინგტონს გრენლანდიაში საკუთარი ჯარისკაცების რაოდენობის გასაზრდელად ოფიციალური კოპენჰაგენის ნებართვა დასჭირდება.
The Economist-ის მტკიცებით, ამერიკელი ჩინოვნიკები გრენლანდიის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის დამყარებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები გრენლანდიის შესახებ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვერ იტანს ტრამპი ევროპას.

