ირანის შეიარაღებული ძალები ოპერატიული მზადყოფნის მაღალ დონეზეა, – ამის შესახებ ირანის არმიის შტაბის უფროსმა, კონტრადმირალმა, ჰაბიბოლა საიარიმ განაცხადა.
ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ 12-დღიან ომსა და შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე საუბრისას, საიარიმ განაცხადა, რომ მზადყოფნა უცვლელი რჩება.
როგორც ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განმარტა, 12-დღიანი ომის შედეგად მიღებულმა გაკვეთილებმა ეფექტური ზომების მიღება გამოიწვია, მათ შორის, ტექნიკური მომსახურების, უნარების გაუმჯობესება და სხვადასხვა სექტორში მზადყოფნის უწყვეტი ამაღლება.
ირანის არმიის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეიარაღებული ძალების მზადყოფნა ძალიან მაღალ დონეზეა და ძლიერი მოტივაციის, საბრძოლო სულისკვეთების, პერსონალის მტკიცე რწმენისა და ხალხის პირდაპირი და ძლიერი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ეს უდავო რეალობად იქცა.

