ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. „სქაინიუსის“ ინფორმაციით, მას დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 2020 წელს დაუწესა და ამ დრომდე არ მოუხსნია.
„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისმა ქმედებებმა საპრეზიდენტო კომისიაში და შემდეგ დამფუძნებელი კრების პრეზიდენტის რანგში, ძირი გამოუთხარა დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ვენესუელაში, მათ შორისა ეროვნული კრების უფლებამოსილების უზურპაცია და ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალის გამოყენება“, – ნათქვამია გამოცემის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში.
„სქაინიუსის“ ცნობით, სასანქციო სიაში მყოფი ნებისმიერი პირის პირადი აქტივები გაყინულია, მათ შორის, დელსი როდრიგესის. სიაში იმყოფებიან მადუროს მთავრობის სხვა წევრები და მისი მემკვიდრეები.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის სასანქციო სიაში არ არის თავად ნიკოლას მადურო.
ცნობისთვის, დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად 5 იანვარს გახდა.

