თბილისის მერმა კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა.
თბილისის მერმა მოსახლეობას შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა იყო წარმოდგენილი. ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა, ბენდის მუსიკოსებთან ერთად, სამტრედიელებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სამშენებლო კომპანიების – „არქისა“ და „ბლოქსისგან“, ასევე, პარლამენტის წევრებისგან – გიორგი ბარვენაშვილისა და შოთა ბერეკაშვილისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ოთხმა ოჯახმა მიიღო.
ახალ სახლებში იცხოვრებენ გოგიტა ჩერქეზიას, ედვარდ ხუბაშვილის, გივი გელაძის და ირაკლი თავაძის ოჯახები.
ამ სასიხარულო ამბავს აქტიურად ეხმიანებიან სოციალურ ქსელში.
“დღეს სამტრედიაში ხუთ უსახლკარო ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი სახლი ექნება ❤️🏠
კეთილი და სასიხარულო დღეა ჩვენი ქალაქისთვის”, – ნათქვამია ფეისბუქმომხმარებლის პოსტში.




















