ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე, რომლის დროსაც ექიმმა ქალმა თვითდაზიანება მიიყენა, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნულ შემთხვევას წინ უძღოდა ხანგრძლივი სამართლებრივი და ადმინისტრაციული დავა კლინიკის მესაკუთრეებსა და მენეჯმენტს შორის.
მარიამ ბოჭორიშვილი კლინიკის 33%-იანი წილის მფლობელი და კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკუთარი აშენებული კლინიკიდან ატირებული გამოუშვეს.
– მარიამ, რა ხდებოდა კლინიკაში დღევანდელ ინციდენტამდე?
– კლინიკაში არის გაუსაძლისი მდგომარეობა. მე თავად, დამფუძნებელი ადამიანი, იძულებული გავხდი წამოვსულიყავი, რადგან დირექტორი, კახა ნურალიძე, ისეთ პირობებში მაყენებდა, რომ გაჩერება შეუძლებელი იყო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და უბრალოდ, ატირებული წამოვედი იქიდან. მან მიიღო გადაწყვეტილება და გამათავისუფლა სამსახურიდან, რასაც ახლა ქუთაისის სასამართლო იძიებს.
მეუბნებოდა, – მერე რა, რომ დამფუძნებელი ხარ, აქ შენი საქმე არაფერიაო. წარმოიდგინეთ, ჩემს საკუთარ კაბინეტში შესვლა ამიკრძალა და თანამშრომლებს ეუბნებოდა, – ვინც მარიამს ოთახში შემოუშვებთ, ყველას სამსახურიდან მოგხსნითო. ამის ჩანაწერები მაქვს.
ვყავდი ფსიქოლოგიურ სტრესში. პირდაპირ მეუბნებოდა, – “ენა ტლიკინა ხარო“. ზოგადად, ექიმების კაბინეტებში შესვლა ამიკრძალა. მერე თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ, ვინც მარიამს თქვენს ოთახში შემოუშვებთ, ყველას მოგხსნით სამსახურებიდანო. და რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერები ყველაფერი მაქვს, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო, რომ არ ჩამეწერა.
29 ივნისს ჩემი დაბადების დღე იყო. თანამშრომლებმა სიურპრიზი მომიწყვეს, ტორტი და ყვავილები მომიტანეს. ამ დროს შემოვიდა დირექტორი, ვითომ სადღეგრძელოს თქმა დააპირა და მკითხა: “რამდენი წლის გახდიო?“. ვუპასუხე – 33-ის-მეთქი. “უი, ქრისტეს ასაკში ყოფილხარ და ფრთხილად იყავი, ჯვარზე არ გაგაკრათო“, – მითხრა ყველას თანდასწრებით. ეს იყო ბოლო წვეთი. ამის შემდეგ იქ ვეღარ გავჩერდი.
ჩემი ქმარი იყო ყოფილი დირექტორი ამ კლინიკის, შოთა მარუაშვილი, რომელთანაც თავად არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, იმიტომ რომ შოთა არის საპყრობილეში – ქრთამის გაცემის მუხლით აქვს ბრალდება წაყენებული.
– ექიმზე, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, რას გვეტყვით? ჰქონდა თუ არა მას თქვენთან კომუნიკაცია ინციდენტამდე?
– კი, ინციდენტამდე დაახლოებით 10 დღით ადრე დამირეკა კივილით: “აქაურობის დამფუძნებელი ხარ და მიშველეთ, ამ კაცს მიხედეთ, აღარ შემიძლია, თავს მომაკვლევინებსო!“. ის ყველას ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს. სათითაოდ ჰყავს ყველა კაბინეტში დანაბარები და ეუბნება – აქ ორი მხარეა, თუ ჩემს მხარეს არ დადგებით, ყველას გაგათავისუფლებთო. სოციალურ ქსელში ჩემს პოსტებზე “ლაიქის“ დაწერასაც კი უშლიდა თანამშრომლებს. ვისაც დალაიქებული ჰქონდა, კონფერენციებზე განიხილავდა და შეურაცხყოფას აყენებდა. განაგრძეთ კითხვა>>>
