დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “შუახევიჰესის” მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს დარგისთვის, სექტორისთვის, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
„ჩვენი ქვეყანა დგას დიდი მოვლენების, პროცესების და რაც მთავარი, პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის გზაზე. ჩვენი როლი რეგიონში იზრდება. ჩვენი წვლილი საერთო ევროპულ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი ერთობლივად გვაძლევს სტიმულს და მიმართულებას, გვიქმნის ყველანაირ პირობას იმისთვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ. საამაყოა ნამდვილად ის ფაქტი, რომ ჩვენ საქართველოში ვქმნით პროდუქციას, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ გვაქვს შესაძლებლობა ეს პროდუქტი გავიტანოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და არა მხოლოდ – ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის პირველივე დღიდან პატივი და დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ დარგის ხელმძღვანელობა. თითოეული პატარა თუ დიდი გამარჯვება, წინგადადგმული ნაბიჯი, ახალი ობიექტი, მუდმივი განახლების პროცესი ენერგეტიკაში – ეს ყველაფერი ქმნის მუდმივ შეგრძნებას, რომ დარგი, ქვეყანა ვითარდება, რადგან ქვეყნის ენერგეტიკული წინსვლა, ენერგეტიკული განვითარება პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. ჩემი წარსული კარიერიდან გამომდინარე, როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში და ეს მართლაც ასე მოხდა. ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. მე დღეს ნამდვილად მეამაყება ის, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით აქ, აჭარაში, სადაც გავხსენით ერთ-ერთი ძლიერი და მსხვილი, მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური“, – განაცხადა კახა კალაძემ.