რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, სამწუხაროდ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც, ბუნებრივია, არ შეშვენის ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაურს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დროში“ განაცხადა.
„მე საგანგებოდ შევთავაზე პრეზიდენტს, რომ ერთად დავმსხდარიყავით ძალიან მარტივ ფორმატში, საზოგადოების წინაშე ღია ეთერში და ერთად გვესაუბრა ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ასეთ ფორმატში ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მაყურებელი ძალიან მარტივად დარწმუნდებოდა იმაში, რომ არა მარტო კონსტიტუციასთან მიმართებით, არამედ არც ერთ მუხლთან მიმართებით ჩვენ არ გვაქვს უკუსვლა, ყველა მუხლთან მიმართებით ჩვენ გვაქვს მხოლოდ წინსვლა. ძალიან მარტივად დავარწმუნებდით ამაში საზოგადოებას, თუმცა ბუნებრივია ეს არ შედის პრეზიდენტის ინტერესებში, რომელიც ექვს თვის განმავლობაში აკრიტიკებდა პროცესს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ პროცესი იქნებოდა წარუმატებელი და გადაწყვიტა საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერა ამ პროცესის წარუმატებლობაზე, თუმცა, საბოლოო ჯამში შევიდა ჩიხში, როდესაც ეს ექვსთვიანი პროცესი წარმატებით დასრულდა. რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, სამწუხაროდ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც ბუნებრივია არ შეშვენის ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.