ევრობიუროკრატებისთვის მდიდარი „ენჯოები“ უბრალოდ ინსტრუმენტი არიან იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც პროცესებზე იქონიონ გავლენა და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე იქონიონ გავლენა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, აღნიშნულის გამო ევრობიუროკრატებს გამჭვირვალობა არ აწყობთ.
„ყველანაირი ტყუილი მოიფიქრეს იმისთვის, რომ გაეშავებინათ გამჭვირვალობის ის უმარტივესი კანონი და ისიც იკადრეს, რომ რაღაც „რუსული“ იარლიყი მიეწებებინათ. თუმცა, რაც დრო გადის, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ლიზ ტრასთან ინტერვიუში განაცხადა: „ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი, თუმცა 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების მიღების გამო“.
