30-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ, შევისწავლეთ მათი როგორც საწარმოო, ასევე საოპერაციო ხარჯები, მათი ფინანსური სტაბილურობა, – განაცხადა „ქრონიკასთან“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში აღნიშნულმა შესწავლამ ექვსი პრობლემა გამოავლინა.
„რამდენიმეს გამოვყოფდი მათ შორის. პირველი ის, რომ წარმოების დიდი ნაწილი დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რაც თავისთავად იმპორტის ინფლაციის რისკებს ქმნის. მეორე ჩვენ რაც დავინახეთ, საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა არის. განსაკუთრებით ზრდა არის გაყიდვებისა და რეალიზაციის ხარჯებში, რაც პირდაპირ არის მიბმული ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელს განსაკუთრებით ძვირი უჯდება საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია. ასევე დავინახეთ, რომ რიგ შემთხვევებში დეფიციტია სამუშაო კაპიტალის და მწარმოებლებს უხდებათ დამატებითი საკრედიტო რესურსების აღება, რაც თავის მხრივ აძვირებს კაპიტალს, რადგანაც საკრედიტო რესურსი 15-16 პროცენტი უჯდებათ და ეს ყოველივე აისახება საბოლოო ჯამში სამომხმარებლო ფასებზე.
ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემები დავინახეთ ნაშთების მართვასა და დანაკარგებში“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
