ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
კერძოდ, დრონის ფრაგმენტები აღმოჩენილია ოჩამჩირეში.
როგორც მედია წერს, უპილოტო საფრენი აპარატი ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, რამაც დაზიანება გამოიწვია. ადგილზე სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა, რის შემდეგაც ოჩამჩირეში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
ამასთან, „ეხო კავკაზას“ ცნობით, გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში მოსახლეობამ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები იპოვეს, თუმცა ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა ნამსხვრევების პოვნა ვერ შეძლო.
მედიის ინფორმაციით, ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თვითმფრინავის ან მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილების აღმოჩენის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ მათ და დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის ორგანოებს.
