„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით“, – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვამდე განაცხადა.
„საკმაოდ პოზიტიური დოკუმენტია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით. ევროპის საბჭოში საქართველო ძალიან კარგ მაგალითად ითვლება ამ მიმართულებით. ამ რეზოლუციის ნაწილზე ჩვენი დელეგაციიდან ქალბატონი ეკა ბესელია მუშაობდა და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ პოზიტიური აქცენტები იქნება გაკეთებული“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შესასრულებელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეს ძირითადად მიმდინარე გამოძიებებს უკავშირდება.
„ყველა ქვეყანას აქვს შესასრულებელი ეს გადაწყვეტილებები, ეს მიმდინარე პროცესია. ჩვენს შემთხვევაში, შეუსრულებლობა მიმდინარე გამოძიებებთან არის დაკავშირებული, ანუ ვიდრე გამოძიება არ დადებს გარკვეულ შედეგებს ზოგიერთ საქმეზე, მანამდე საქმის დახურვა და შესაბამისად, შესრულებულად ჩათვლა ვერ ხერხდება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.