სამწუხაროდ, მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენელებულიც არ არის, – განუცხადა „ქრონიკას“ ტყიბულის დელეგატმა, ზვიად შალამბერიძემ სოფელ კურსებში მეწყრულ პროცესებზე საუბრისას.
მისივე თქმით, დინამიკაში სიტუაცია იგივეა, რაც იყო წინა დღეებში.
„შესაბამისად, სახლების დაზიანებაც გრძელდება. რა თქმა უნდა, პასუხი გეოლოგებმა უნდა გაგვცენ იმაზე, თუ როდისაა შესაძლებელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სახლებამდე მიღწევა, თუმცა ამ პასუხსაც ჯერჯერობით ვერ მოვისმენთ, სანამ პროცესი მთლიანად არ შეჩერდება. არ იქნება უსაფრთხო ტერიტორიაზე შესვლა.
მინდა, აქვე განვაცხადო, რომ ხელისუფლების მხრიდან მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, გარკვეული პირების მიერ მაინც ხდება ამ ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლა. ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლა არ არის უსაფრთხო და ნუ ჩაიგდებენ საკუთარ და მეგობრების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა შალამბერიძემ.
სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა, გარკვეულ ტერიტორიებზე მეწყერი პერიოდულად აქტიურდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე სწავლობენ.
