საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
„მაკრონს კატეგორიული უარი არ უთქვამს, თუმცა ამ მომენტში მისი ქმედება უარს ნიშნავს“, – განუცხადა „აქსიოსს“ წყარომ.
როგორც „აქსიოსი“ წერს, დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავა მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფის შექმნის გეგმა და ის შეერთებულ შტატებს, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანას გაუზიარა. „აქსიოსის“ ცნობით, ისეთი ქვეყნების ლიდერებმა, როგორებიცაა გერმანია, იტალია და იაპონია, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ქვეყნების კოალიციის შექმნაზე მუშაობს. „აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, კოალიციას შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრალია, კანადა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია. როგორც „აქსიოსი“ წერს, შეერთებული შტატები ასევე დაუკავშირდა იაპონიას და სამხრეთ კორეას.
