ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ.
ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.
მეთიუ უიტაკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება აშშ-ის მოკავშირეების ინტერესებშია.
„პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი მოკავშირეები უნდა შემოგვიერთდნენ, დაგვეხმარონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას. საბოლოო ჯამში, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება მათ ინტერესებშია“, – განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდება, ფაქტობრივად დაკეტილია ირანის მხრიდან გადაზიდვების წინააღმდეგ მუქარის გამო. სწორედ ამან გამოიწვია ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელმაც გასულ კვირას ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. თუმცა, ნატო-ს ოთხი დიპლომატის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ალიანსის სრულმასშტაბიანი მისია ნაკლებად სავარაუდოა.
ორი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.
„ზოგიერთი მოკავშირე ვერ შეძლებს ამ ძალისხმევაში ჩართვას. გარდა ამისა, ეს ნატო-ს პირდაპირი პასუხისმგებლობის სფერო არ არის“, – განუცხადეს დიპლომატებმა „პოლიტიკოს.“
