სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.
როგორც ფიცომ აღნიშნა, აღნიშნული განცხადება მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ კოშტასთან სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბას“ აღდგენის საკითხს დაეთმო.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ევროკომისიამ ამ დრომდე არ წარადგინა კონკრეტული წინადადებები ელექტროენერგიის ფასების შემცირების შესახებ.
„სლოვაკეთის მთავრობას არ შეუძლია შეეგუოს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების ცალმხრივ და მავნე ნაბიჯს და ელოდება, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ზეწოლას მოახდენენ უკრაინის ხელმძღვანელობაზე რუსული ნავთობის ნაკადის აღსადგენად, რომლის მიღების უფლებაც 2027 წლის ბოლომდე გვაქვს. ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, – დაწერა ფიცომ.
