აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მხარს უჭერს.
ვენსის თქმით, ის ენდობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ „წარსულის შეცდომები“ არ განმეორდება.
ჟურნალისტმა ვენსს ჰკითხა, „ყოყმანობდა“ თუ არა მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით მისი წარსული განცხადებების გათვალისწინებით, კერძოდ „ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის“ კრიტიკის.
„განსხვავება ისაა, რომ ახლა გვყავს ჭკვიანი პრეზიდენტი, წარსულში კი გვყავდნენ სულელები. ვენდობი პრეზიდენტ ტრამპს, ის სამუშაოს შეასრულებს, ამერიკელი ხალხისთვის კარგად იმოქმედებს და წარსულის შეცდომებს არ გაიმეორებს“, – უპასუხა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი 2015 წლიდან მუდმივად ამბობდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ამ პოზიციას თავადაც სრულად იზიარებს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის საკითხზე მისი და ჯეი დი ვენსის პოზიციები „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავდება“.
